Sunday, June 14, 2009

georgia

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი


ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.


მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ, XVII საუკუნის II ნახევარში, ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლით იქნა განახლებული.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.

XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.


View Larger Map